ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი აცხადებს სტუდენტთა შესარჩევ კონკურსს გუნდის დასაკომპლექტებლად, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ჰუგო ზინსჰაიმერის იმიტირებული სასამართლო პროცესის რიგით მეთერთმეტე საერთაშორისო შეჯიბრში (8-10 ივნისი, 2026, ქ. ფრანკფურტი, გერმანია).
შეჯიბრის შესახებ:
ევროპის კავშირის შრომის სამართალში ჰუგო ზინსჰაიმერის იმიტირებული სასამართლო პროცესების ყოველწლიური შეჯიბრი დაარსდა ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენელი, სამართლის ხუთი პროფესორის, მათ შორის ქართველი პროფესორის, ინიციატივით. იმიტირებული სასამართლო პროცესის ფარგლებში სტუდენტური გუნდები სხვადასხვა ქვეყნიდან ეჯიბრებიან ერთმანეთს ევროპული კავშირის შრომის სამართლის აქტუალურ საკითხზე შედგენილ სიმულაციურ საქმესთან დაკავშირებით. შეჯიბრს განსჯიან ევროპის მასშტაბით წამყვანი შრომის სამართლის პროფესორები, პრაქტიკოსი ადვოკატები და მოქმედი მოსამართლეები, წევრი სახელმწიფოებიდან და ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოდან. დეტ. იხ. წინა წლის შეჯიბრის ვებგვერდი: https://hsmcc2025.eu/. საქართველო არის ევროკავშირის ერთადერთი არაწევრი ქვეყანა, რომლის გუნდიც დაშვებულია აღნიშნულ შეჯიბრზე.
2025 წლის შეჯიბრი იყო საიუბილეო, მეათე შეჯიბრი. იგი ჩატარდა სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში, European Labour Authority-ის მასპინძლობით და დასრულდა საქართველოს გამარჯვებით. შესაბამისად, 2026 წლის გათამაშებაში საქართველო მონაწილეობს ჩემპიონის რანგში.
2026 წლის შეჯიბრის სიმულაციური საქმის თემატიკაა: სამუშაო დრო, ხელოვნური ინტელექტი, შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა, ინფორმირება და კონსულტირება.
მონაწილეობის წინაპირობები:
სტუდენტთა შესარჩევ ეროვნულ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტებს, ასევე ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს. სტუდენტებს (ნებისმიერი საფეხურის შემთხვევაში) აქტიური სტუდენტური სტატუსი უნდა ჰქონდეთ 2026 წლის ივნისისთვის. როგორც ეროვნული შესარჩევი, ისე − საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის პირობაა, რომ სტუდენტი არ უნდა იყოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
დაინტერესებულმა სტუდენტმა არაუგვიანეს 2026 წლის 10 იანვრისა ელექტრონული ფოსტით მისამართზე hugomoot@tsu.ge, უნდა გამოაგზავნოს საკუთარი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე.
სტუდენტთა ინდივიდუალური შესარჩევი კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
- წარმოდგენილი რეზიუმესა (CV) და სამოტივაციო წერილის შეფასება;
- შემდგომ ეტაპზე გადასულ სტუდენტთან ინდივიდუალური გასაუბრება.
გისურვებთ წარმატებებს!